logo_shovlogo_show2

 

........

 

არ  არსებულა  დედამიწაზე  არათუ  თოვლი,

უბრალოდ,  მიწის  ნაგლეჯიც  ჩემთვის

და  სანამ  წარსულს  ვიხსენებ  თრთოლვით,

ზამთრის  წყვდიადი  თეთრ  ბარდნას  ებრძვის . . .

 

სიტყვებმა  ყოველი  გრძნობები  გაცვითა,

ქუჩაში  გავივლი,  მხარს  გამკრავს  სიშიშვლე,

და  სანამ  სულში  ხარ,  და  სანამ  გაწვიმდა

მშიშარა  სამყაროს  ვპასუხობ  შიშითვე.

 

თენდება,  ვერ  ვებრძვი - მჩაგრავენ  განცდები,

მიწის  სუნს  დიადი  ფიფქი  პირს  უმშვენებს.

მე  სულით  მივილტვი - სხეულსაც   გავცდები,

ქვემოთ  ცა  მიყვირის  უშველე . . . უშველე . . .

 

.........

 

მე  მიღიმის  უშენობით  დასასრული,

ხეთა  ჩრდილებს  დაეკიდა  აგონია

და  ხელები  ყინვისაგან  დაშაშრული

არ  გამწირავს,  კვლავ  გამათბობს,  არ  მგონია . . .

 

დაიცალა,  ჩამოემხო  ცა  ფიფქებად,

სულზე  მაწევს  ლოდად  ზამთრის  სიმარტოვე,

გადაიქცა  ოცნებები  სულ  ფიფქებად,

მაგრამ  მაინც  ვერ  მივხვდი,  რომ  მიმატოვე.

 

 

.......

შორეთს  იქით  იცქირება  მილი,

გაგიჟებულს  აუწყვიტავს  ღილი,

აღრიალებს  ფართო  სუნთქვას  მუნჯი

იხატება  პალიტრებით  ფუნჯი.

 

იძერწება,  იფერფლება  ქვები,

სიბნელეში  წყვდიადივით  ვქრები,

თითზე  ირგებს  მოსარკაზმე  ბეჭდებს,

მზისგან  შავი  დაუდვიათ  ბეჭდებს.

 

ოხშივარი  აუვიდათ  სახლებს

მზერას  დაწვავს  ვინმე  ხელს  თუ  ახლებს,

ჩაიწვება,  ჩაიყრება  ჭაში

ცხოვრება  რაც  გაატარეს  ჭრაში.

 

იტვირთება  ქიმებივით  მთები

თორმეტ  ნაწნავს  ჩამოუშვებს  თმები

გაიწელა,  გაიწამა  დოღი -

უმიზნობის,  უაზრობის  მნდობი . . .

 

ხვალაც,  ხვალაც  და  დადგება  წუთი

ჩამოწვება  უსაშველო  მწუხრი . . .

თითებს  შორის  სითბოს  ატანს  ტანში

გადატყდება  მთელი  გული  ტარში.

ააღელვებს  ფართო  სუნთქვას  მუნჯი

გადაძერწავს  ყოველივეს  ფუნჯი.

 

 

 

.......

მოგმართავთ  თხოვნით

შეწყვიტოთ  თოვლი!

იმდენი  ხანი  ველოდე  ამ  წამს

უსასრულობა  არ  მინდა,  არ  მწამს!

ბლანტ  სითხესავით  მევსება  სული

და  აგონია  მეწყება  სრული . . .

 

დავდივარ  მარტო,  ვერსად  გიპოვე

იყოს  სიბნელე,  ჩუმად  ითოვებს,

მე  გადავლახე  ყველა  ფართობი

მიწას  სჭირდება  ზოგჯერ  გამრთობი.

 

შენ  დამრჩი  მხოლოდ - დიდი  ტალღები

და  მემუქრები  ყოვლისწამღები.

აღარ  მაქვს  გრძნობა,  თითქოს  მოვეშვი

და  გადავეშვი  მე  შენს  მორევში.

 

ვეხვეწე  ზამთრის  ჩაწოლილ  კვირტებს

სიყვარულს,  როცა  გრძნობას  ვერ  იტევ

მოგმართავთ  თხოვნით,

შეწყვიტოთ  თოვლი!

 

იმდენი  ხანი  ველოდე  ამ  წამს

უსასრულობა  არ  მინდა,  არ  მწამს!

 

ჩანახატი  თემაზე

მე  ვიცი  ის,  რომ  არაფერი  არ  ვიცი

იყო  ადამიანი,  ნიშნავს,  არა  მხოლოდ  იცხოვრო,  არამედ  შენი  ცხოვრება  მუდმივს  ასპარეზად,  ბრძოლის  ველად  და  შემოქმედებითი  წვის  ადგილად  აქციო.  პიროვნების  მთელ  ცხოვრებას  განსაზღვრავს  მისივე  მონდომება,  მოღვაწეობა  და  დანიშნულება,  თუმცა  რეალურად  ადამიანი  პატარა  მარცვალია,  ღმერთის  კალთიდან  გადმოვარდნილი,  რომელსაც  ან  მიიღებს  მიწა,  გაიზრდება  და  ნაყოფს  მოისხამს,  ან  ნიადაგში  შეერევა,  მიწად  იქცევა,  დაილევა  უშინაარსოდ.

ცხოვრება  ერთი  უშველებელი  სიგრძის  კიბეა,  რომელზეც  ყველა  ერთდროულად  ადის,  ამიტომ  შეუძლებელია  გაჩერება - ან  წინ  უნდა  იარო,  ან  ქვემოთ,  უფსკრულისკენ  ჩახვიდე.  მიუხედავად  რეგრესისა,  თუ  პროგრესისა,  ადამიანს  ყოველთვის  უჭირს  კონკრეტულ  კითხვაზე  ერთი,  ნეიტრალური  პასუხის  გაცემა,  რადგან  ცხოვრება  წარმავალია  და  ის  რაც  ადრე  მიზანი  გახლდათ,  შესაძლოა,  მომავალში  სამარცხვინო  ფაქტად  იქცეს.

პიროვნების  ცხოვრება,  ვფიქრობ,  საკმაოდ  ქაოსურია,  ამიტომ  მან  არაფერი  იცის  დანამდვილებით,  ისიც,  კი,  თავად  რას  წარმოადგენს,  რისთვის  მოევლინა  დედამიწას.  საკუთარი  თავის  შეცნობა  ის  ერთადერთი  მამოძრავებელი  მუხტია,  რომელიც  ადამიანის  ცხოვრებას  განსაზღვრავს.  ასეა  მთელი  მსოფლიო  და  ალბათ  მოულოდნელობის  გამოა  ცხოვრება  სურპრიზებითა  და  დაბრკოლებებით  სავსე.  თითოეულ  ეტაპზე  მხოლოდ  ის  ვიცით,  რომ  თურმე  აქამდე  არაფერი  გვცოდნია  და  რაც  ამის  შემდეგ  მოხდება,  იმის  მისახვედრადაც  ფუჭი  გახდება  წარსულის  ცოდნა.

დიოგენე  ლამპრის  შუქით  დადიოდა  დღისით - ადამიანებს  დაეძებდა.  რატომ  სჩადიოდა  ამას?  მხოლოდ  იმიტომ,  რომ  ნამდვილი  პიროვნება  ისაა,  ვინც  იცის,  ვინ  არის,  რა  უნდა,  რატომ  ცხოვრობს  და  სად  წავა  სიცოცხლის  შემდეგ.  ჩვენ  კი  უბრალო  მოკვდავნი  ვართ,  რომლებიც  ხშირად  ტრადიციებსა  და  ადათებს  მეტად  ვუჯერებთ,  ვიდრე  თვალხილულ  გამოცდილებას.

გამონათქვამში  არა  მხოლოდ  ადამიანის  უსუსურობა  იგრძნობა,  არამედ  შეფარულად  პიროვნების  არსზე  და  მის  მთავარ  დანიშნულებაზეცაა  საუბარი.  გურამიშვილი  ამბობდა:  „ყმაწვილი  უნდა  სწავლობდე  საცნობლად  თავისადაო“.  მართალია,  ადამიანის  ბედისწერა  ისეა  მოწყობილი,  მას  გაუთავებელი  ბრძოლა  უწევს,  თუმცა  ის  ყოველთვის  მარცხდება  სიკვდილთან  და  ღმერთთან,  რადგან,  ალბათ,  ასეცაა  საჭირო- ყველაფერი  რომ  ვიცოდეთ,

 

 

ცალკე  სამყარო  გვექნებოდა  თითოეულ  ჩვენგანს,  უცოდინარობის,  უმწეობის  გამო  გვჭირდება  ერთმანეთიც  და  უფალიც.  ოთარ  ჭილაძე  წერს:

„მე  კარგად  ვიცი  რას  ველოდები

მაგრამ  არ  ვიცი,  რა  მელოდება

და  ამიტომაც  ჩემი  ცოდვები

მიუტევებელ  რჩება  ცოდვებად“.

გენიოსი  მწერალიც  ამძაფრებს  ზემოთ  მოყვანილ  მოსაზრებას,  ადამიანის  უძლურებას  უსვამს  ხაზს. მართლაც,  თითქოს  მარიონეტად  ვიქეცით  განგების  წინაშე,  რადგან  სიცოცხლე  ისე  ტკბილია  ხშირად  თვალს  უბამს  ადამიანს,  ბრძოლას  ავიწყებს  და  არსებობას  შეაჩვევს  მხოლოდ  და  თუ  რომელიმე  ბრძენი,  ფიზიკოსი,  ასტროლოგი  ან  მათემატიკოსი  იტყვის,  რომ  მან თუნდაც  მცირედი  იცის,  რა  თქმა  უნდა,  სიცრუე  იქნება,  რადგან  მათ  მხოლოდ  ის  აქვთ  შესწავლილი,  რაც  ხილულია,  მატერიაა.  ხოლო  ჩვენს  ირგვლივ  უამრავი  სული  და  კიდევ  უფრო  მეტი  განზრახვა  დაბობოქრობს  და  არავინ  იცის,  როდის  რად  გადაიქცევა,  დაგვღუპავს  და  გაგვანადგურებს  თუ  გადაგვარჩენს  ის.

კაცობრიობამ  ორი  რამ  იცის:  ყოველ  დაღამებას  გათენება  მოჰყვება  და  ყოველ  სიცოცხლეს - სიკვდილი.  დანარჩენი  კი  ცნობიერებისთვის  მიუწვდომელი,  დაუგეგმავი  და  შეუცნობელია  და  ამიტომ  ჩვენ  მხოლოდ  ის  ვიცით,  რომ  სინამდვილეში  არაფერი  ვიცით.

 

ნინო  ბიძიშვილი

XΙΙ  კლასის  მოსწ.

ქართული  ენა  და  ლიტერატურა  11-12  კლასები  ოლიმპიადა

 


უკან
   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki