წესდება

Home - წესდება

დამტკიცებულია:

დირექტორის მიერ  ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ.

 

ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო

საშუალო სკოლა „შოვის~

 

 

   წესდება

 

  1. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1.  სკოლის სტატუსი

  1. ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი” არის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით  დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
  2. სკოლა თავის სქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, შრომის კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
  3. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
  4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ერთი საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

 

მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

სკოლის მიზანია:

ა)     ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ)    მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

 

 

  1. სკოლის სტრუქტურა და მართვა

 

მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

 

 

 

 

მუხლი 4. სკოლის დირექცია

  1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და ბუღალტრისგან.
  2. სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის 3 წლის სტაჟი.
  3. სკოლის დირექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელთა საბჭო.
  4. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.

 

მუხლი 5. სკოლის დირექტორი

  1. სკოლის დირექტორი:

ა)     ახორციელებს სკოლის მართვას;

ბ)    წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების     სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;

ე)  მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;

ზ) უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება: ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის არაკვალიფიციურობის დადასტურებისას.

თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;

ი) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

კ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

 

  1. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა) სასკოლო-სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაცონალურად გამოყენებაზე;

გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

 

 

 

მუხლი 6. სკოლის დირექტორის მოადგილე

დირექტორის მოადგილე ვალდებულია:

ა)     შეასრულოს დირექტორის მოვალეობები სკოლაში მისი არყოფნის პერიოდში;

ბ)    შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი და უხელმძღვანელოს სასწავლო პროცესს;

გ)  სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანებები;

დ) გამცდენ და დამგვიანებელ მასწავლებლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები;

ე) მოისმინოს და გააანალიზოს გაკვეთილები;

ვ) უზრუნველყოს მასწავლებელთა შორის კოლეგიალური, თანამშრომლობითი გარემო;

ზ) დააწესოს კონტროლი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე და საკლასო      ჟურნალების სწორად წარმოებაზე;

თ) დროულად და სათანადოდ შეასრულოს პედაგოგიური საბჭოს გეგმით გათვალისწინებული საკითხები;

ი) შეაჯამოს სემესტრული შედეგები;

კ) შეადგინოს წლიური ანგარიში;

ლ) კონტროლი გაუწიოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს და სასწავლო აღმზრდელობით პროცესს.

 

მუხლი 7. სკოლის ბუღალტერი

ა)     ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;

ბ) ახორციელებს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და აკონტროლებს ჩატარებული ფინანსური ოპერაციების კანონიერებას;

გ) ახორციელებს სკოლის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ხარჯვას, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვასა და გაცემას;

დ) აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა  დროულ აღრიცხვას;

ე) ახორციელებს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენას და წარუდგენს სკოლის დირექტორს;

ვ) ახორციელებს ბუღალტრული საბუთების შენახვასა და არქივაციას;

ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ   ფასეულებათა ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს.

 

მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი.
  2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
  3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
  4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს დამფუძნებელთა საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
  5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
  6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
  7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
  8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

 

 

მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა)     ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ბ)    ამტკიცებს სკოლის სასწავლო გეგმას და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

გ)    ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.

 

მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
  2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
  3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

ა)     საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა Yთვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

 

ბ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;

გ) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ორ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება ის 2 მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;

  1. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
  2. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

გ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში;

  1. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.

 

 

მუხლი 11. დისციპლინური კომიტეტი.

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.

 

მუხლი 12.  დისციპლინური დევნა.

  1. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.
  2. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
  3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.
  4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.

 

მუხლი 13. სააპელაციო კომიტეტი.

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.

 

მუხლი 14. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა.

  1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
  2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
  3. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა)     განმცხადებლის ვინაობა და მისამართი.

ბ)    უფლებების დარღვევის არსი

გ)  მოთხოვნის არსი

 

მუხლი 15.  სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:

  1. კლასის დამრიგებელი;
  2. საგნობრივი კათედრები;
  3. საინფორმაციო უზრუნველყოფა;
  4. ხარისხის მართვისა და ინოვაციის უზრუნველყოფა;
  5. მშობელთა კომიტეტი;
  6. მონიტორინგის ჯგუფი;
  7. დაცვის სამსახური;
  8. სამედიცინო სამსახური;
  9. კანცელარია;
  10. ტექნიკური სამსახური;

 

მუხლი 16. კლასის დამრიგებელი

  1. სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს ერთი დამრიგებელი. დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. I-IV კლასებში კლასის დამრიგებლები არიან ძირითადი საგნის მასწავლებლები.
  2. დამრიგებლები სისტემატურ საუბრებს ატარებენ შემდეგ მიმართულებებში:

–     ზნეობრივი აღზრდა;

–     უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება;

–     პიროვნული და მორალური განვითარება;

–     გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;

–     თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა.

  1. დამრიგებლის მოვალეობები:

ა) მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში;

ბ) სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.

გ) თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი;

დ) პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც ახასიათებს თითოეულ მოსწავლეს.

დ.ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;

დ.ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური   განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს;

ე) მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;

ვ)  დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა ჩაცმულობაზე;

ზ) დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს. სისტემატურად ჩაატაროს სააღმზრდელო საათები და საკლასო ღონისძიებები. დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სკოლის სიახლეები;

თ) დამრიგებელი ვალდებულია, სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და სკოლაში იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე მის სადამრიგებლო ჯგუფს არ დაუმთავრდება მეცადინეობა;

ი) დამრიგებელი ვალდებულია,  ჰქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა;

კ) დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო       წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი;

ლ) დამრიგებელი ვალდებულია, ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება;

მ) დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება ელექტრონულ ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება;

ნ) დამრიგებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს ინდივიდუალური სააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა და პედაგოგს ან მოსწავლეებს შორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარებისას მოსწავლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის გამეორების შემთხვევაში დამრიგებელი ვალდებულია მოხსენებითი ბარათი წარადგინოს სკოლის დირექციის სახელზე;

ო) დამრიგებელი ვალდებულია, მინიმუმ თვეში ერთი დღე, დირექციასთან შეთანხმებით, გამოყოს მშობლებთან შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია და კატეგორიულად ეკრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი;

პ) სასწავლო პროცესის მსვლელობისას მოსწავლის განთავისუფლების შემთხვევაში (შეუძლოდ  ყოფნა ან სხვა რამ), დამრიგებელი ვალდებულია, გაეცნოს მოსწავლის მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ასახული მშობლის მიერ წერილობით წარმოდგენილ ან სიტყვიერ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრიგებელს უფლება არა აქვს, თანხმობა მისცეს მოსწავლეს განთავისუფლებაზე. მოსწავლის განთავისუფლება ხდება სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. დამრიგებელი პირადად არის პასუხისმგებელი განთავისუფლებული მოსწავლის შემდგომ ქმედებებზე;

ჟ) სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელი ვალდებულია, მიმღები სკოლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია;

რ)  დამრიგებელს ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ დატოვება;

ს)  დამრიგებელს ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;

ტ) დამრიგებელს, რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა სადამრიგებლო კლასი.

 

მუხლი 17. საგნობრივი კათედრები

  1. სკოლაში იქმნება საგნობრივი კათედრები სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე.
  2. კათედრის თავმჯდომარეს კათედრის წევრები პირველსავე სხდომაზე ირჩევენ 1 წლის ვადით ღია კენჭისყრით.
  3. ა)კათედრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრის მეშვეობით სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.

ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს.

გ) აკონტროლებს კათედრის თანამშრომელთა მიერ საგაკვეთილო პროცესის      მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორის მოადგილეს.

დ) ადგენს შეცვლილ მასწავლებელთა განრიგს და აწვდის დირექტორის მოადგილეს.

ე) სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიური მეთოდების დანერგვაში.

ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ.

ზ) ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

  1. კათედრის ხელმძღვანელი ვალდებულია:

ა) შეადგინოს კათედრის სამუშაო გეგმები.

ბ) დააზუსტოს კათედრის მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვა.

გ) რეგულარულად შეხვედეს კათედრის წევრებს.

დ) შეარჩიოს მასწავლებლებთან ერთად სახელმძღვანელოები და დასამტკიცებლად გადასცეს პედ.საბჭოს.

ე) ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ტესტირებას დირექტორის მოადგილესთან  ერთად.

ვ) განახორციელოს პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებები.

ზ) შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.

თ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ საბჭოში სასწავლო გეგმის შესაბამისად        საათობრივი ბადის შედგენა-დამუშავებაში.

ი) დირექტორთან შეაქვს წინადადებები კათედრის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების შესახებ.

 

მუხლი 18. ხარისხის მენეჯერი პასუხისმგებელია, გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე; გაუწიოს კონსულტაცია დირექციას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის დროს; აწარმოოს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი;

თვალყური ადევნოს კათედრის მუშაობას.

 

 

მუხლი 19. მშობელთა კომიტეტი

კლასებში შეიქმნას მშობელთა კომიტეტები.

დირექტორის მიერ წელიწადში ორჯერ ჩატარდეს მშობელთა საერთო კრება მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე. კლასის დამრიგებელთა მიერ სემესტრში ერთხელ ჩატარდეს კლასის მშობელთა ან მშობელთა და მოსწავლეთა საერთო კრება, მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.

მშობელთა კომიტეტებში, პედაგოგიურ საბჭოში, მშობელთა კრებებზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ფარული კენჭისყრით.

სპეციალური კითხვარების საშუალებით შესწავლილი იქნეს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესები, სურვილები და პრეტენზიები სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით.

მუხლი 20. მონიტორინგის ჯგუფი

  1. სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს სკოლის დირექციის წევრებით და მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და მშობლებით. ისინი იკვლევენ დაგეგმილ სასწავლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.
  2. კვლევის საგანი: სასკოლო საწავლო გეგმა, პროგრამები, სკოლის/კლასის მართვა, სკოლის შიდა და გარე საქმიანობა, სასწავლო გარემო, დისციპლინა, მოსწავლეთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოების დაცვა, ხელმძღვანელობის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა შეფასების, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის საკითხები და სხვ.
  3. ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვათა საფუძველზე.
  4. წერილობითი ანგარიში განიხილება პედსაბჭოზე და მშობელთა საერთო კრებაზე.
  5. სკოლის შიდა საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფს ირჩევს პედსაბჭო და ამტკიცებს დირექტორი.

 

მუხლი 21. სამედიცინო სამსახური

  1. სამედიცინო პუნქტის მიზანია მოსწავლეების, პედაგოგიური, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.
  2. სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფასო კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს გადაუდებელ დახმარებას. სკოლის დირექტორს წარუდგენს იმ მედიკამენტთა ჩამონათვალს, რომელთა შეძენაც აუცილებელია მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის.
  3. სისტემატურად აწარმოებს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიური მდგომარეობის მონიტორინგს და განსაზღვრავს სათანადო ღონისძიებებს მათი ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
  4. საქართველოს მთავრობის დადგენილება #546, 31.08.2020 წ. მე-3 მუხლის 1 პუნქტი;
  5. ახალი კორონავირუსით (შAღშ-ჩოვ-2) გამოწვეული ინფექციასთან (ჩOVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
  6. ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა. (თან ახლავს დანართი);
  7. სამედიცინო პუნქტის პერსონალს ნიშნავს დირექტორი.

 

 

მუხლი 22. საქმისწარმოება

საქმისწარმოებას ახორციელებს კანცელარია

  1. კანცელარია შედგება საქმიმსწარმოებლისაგან;
  2. საქმისმწარმოებელს ნიშნავს დირექტორი;
  3. საქმისმწარმოებელი ვალდებულია:

აწარმოოს შემოსული და გასული კორესპონდენციების აღრიცხვის ჟურნალი;

მოსწავლეთა ანბანური წიგნი;

მასწავლებელთა პირადი საქმეები;

პასუხისმგებელია სკოლის არქივისა და ოფისის დოკუმენტაციის მოვლა/შენახვაზე;

მუხლი 23. დასუფთავების სამსახური

  1. დასუფთავების სამსახური შედგება 2 თანამშრომლისაგან (დამლაგებლისაგან);
  2. დამლაგებლებს ნიშნავს დირექტორი;
  3. დამლაგებელი ვალდებულია უზრუნველყოს სისუფთავე სკოლის მთელ ტერიტორიაზე.

მუხლი 24. ტექნიკური სამსახური

პასუხისმგებელია:

1) სკოლის შენობა-ნაგებობათა და კუთვნილი ტერიტორიის, სასკოლო ქონების  მოვლა-პატრონობაზე, სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;

2) უზრუნველყოს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული    ნორმების დაცვა;

 

მუხლი 25. სკოლის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას    საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს შესაბამისი ქონება.

მუხლი 26. სკოლის ფინანსები

  1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და სწავლის საფასურის გადახდით, რომელიც ფიქსირებულია მშობლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
  2. სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტიდან.
  3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
  4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.

 

მუხლი 27. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი.

 

მუხლი 28.  სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სკოლის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 29. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი

სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.